iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Microsoft, OpenAI და სხვები შეიძენენ AMD Instinct MI300X AI ამაჩქარებლებს, როგორც NVIDIA-ს დეფიციტური ჩიპების ალტერნატივას

Microsoft, OpenAI და სხვები შეიძენენ AMD Instinct MI300X AI ამაჩქარებლებს, როგორც NVIDIA-ს დეფიციტური ჩიპების ალტერნატივას

თარიღი: 09/12/2023

პარტნიორი: Overclockers GE

Meta-მ, OpenAI-მ, Microsoft-მა და Oracle-მა განაცხადეს, რომ გეგმავენ AMD Instinct MI300X ხელოვნური ინტელექტის უახლესი ამაჩქარებლების ინტეგრირებას თავიანთ სისტემებში. ინდუსტრიის ლიდერებმა ნათლად აღნიშნეს, რომ ეძებენ NVIDIA-ს ძვირადღირებული და დეფიციტური ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლების ალტერნატივებს, რომლებიც საჭიროა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების, მათ შორის ChatGPT-ისთვის. 

AMD-ის მაღალი წარმადობის Instinct MI300X ამაჩქარებლების მიწოდება მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება და თუ ის შესაფერისი იქნება ტექნოლოგიური კომპანიებისა და ქლაუდ სერვისების პროვაიდერებისთვის, ამან შეიძლება შეამციროს ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარების ხარჯები და მოახდინოს კონკურენტული ზეწოლა NVIDIA-ზე, რომელიც ამ ბაზრის მნიშვნელოვან წილს ფლობს. როგორც AMD-მ აღნიშნა, MI300X დამყარებულია ახალ CDNA3 არქიტექტურაზე და შეუძლია ძალიან მაღალი წარმადობის უზრუნველყოფა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია 192 გბ უახლესი მაღალსიჩქარიანი HBM3 მეხსიერება, რომელიც შესანიშნავია ხელოვნური ინტელექტის დიდი ენობრივი მოდელებისთვის. 

AMD-ის ხელმძღვანელმა ლიზა სუმ Instinct MI300X შეადარა ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო ამაჩქარებელ NVIDIA H100-ს. „ეს წარმადობა უშუალოდ აუმჯობესებს [ნეიროქსელების] სამომხმარებლო გამოცდილებას. როდესაც მოდელს უსვამ კითხვას, გინდა, რომ მან უფრო სწრაფად უპასუხოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პასუხები უფრო რთული ხდება, ”- განაცხადა მან. მთავარი კითხვა ის არის - ის მომხმარებლები, რომლებიც იყენებენ NVIDIA აღჭურვილობას, მზად არიან თუ არა დახარჯონ დრო და ფული სხვა მომწოდებლის პროდუქტების დანერგვაში. AMD-მ ინვესტორებსა და პარტნიორებს განუცხადა, რომ მან გააუმჯობესა ROCm პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტი, რათა კონკურენცია გაუწიოს პირდაპირ NVIDIA CUDA-ს, რასაც ხელოვნური ინტელექტის დეველოპერები უკვე მიეჩვივნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ფასი: NVIDIA-ს ამაჩქარებლები იყიდება 40 ათას დოლარად. AMD-ს ჯერ არ აქვს Instinct MI300X-ის ფასი გამოცხადებული, მაგრამ ლიზა სუს თქმით მისი პროდუქტი NVIDIA-ს ანალოგზე იაფი იქნება შეძენისას და გამოყენებისას. 

AMD-მ განაცხადა, რომ მან უკვე გააფორმა კონტრაქტები ზოგიერთ მომხმარებელთან. Meta გეგმავს გამოიყენოს ახალი ამაჩქარებლები სტიკერების გენერატორებში, ხელოვნური ინტელექტის მქონე გამოსახულების რედაქტორსა და AI-ასისტენტში. Microsoft-ის დირექტორმა კევინ სკოტმა განაცხადა, რომ AMD Instinct MI300X ხელმისაწვდომი იქნება Azure ვებ-სერვისში. ახალ ჩიპებს ასევე გამოიყენებს Oracle-ის ქლაუდ ინფრასტრუქტურა. OpenAI-მ განაცხადა, რომ  AMD-ის ჩიპებს გამოიყენებს პროექტ Triton-ში - ეს არ არის დიდი ენობრივი მოდელი, როგორიცაა GPT, არამედ - კვლევის პლატფორმა შესაბამის აპარატურულ ფუნქციებზე წვდომით. 

2024 წლისთვის AMD გეგმავს 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავლის მიღებას მონაცემთა ცენტრის ამაჩქარებლების სეგმენტიდან, მაგრამ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გლობალური ბაზარი გაიზრდება 400 მლრდ აშშ დოლარამდე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. და ამ ბაზარზე წარმატების მისაღწევად AMD-ს არც კი დასჭირდება NVIDIA-ს დამარცხება, აღნიშნა სუმ. 

 

წყარო: Overclockers.ge