iსკოლა
ვებინარები

ბლოგები

Apple მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მოტოციკლის ვიბრაციამ შესაძლოა დააზიანოს iPhone-ის კამერა

Apple მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მოტოციკლის ვიბრაციამ შესაძლოა დააზიანოს iPhone-ის კამერა

თარიღი: 15/09/2021

პარტნიორი: Overclockers GE

Apple-მა თავისი ვებ-გვერდის მომხმარებელთა დახმარების განყოფილება ახალი გაფრთხილებით განაახლა. ფაქტია, რომ iPhone-ზე გარკვეული სიხშირის ვიბრაციის ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს მოწყობილობის კამერის მოქმედება. მაგალითად, მოტოციკლის ძრავის ვიბრაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ოპტიკური სტაბილიზაციისა და ავტოფოკუსის სისტემებს, ამიტომ მომხმარებლებისთვის არ არის რეკომენდებული iPhone-ის დამაგრება მოტოციკლზე.  

არსებული მონაცემების თანახმად, iPhone-ის კამერებში გამოყენებული გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციისა (OIS) და ავტოფოკუსის უკუკავშირის სისტემები (AF) მუშაობენ გიროსკოპებისა და/ან მაგნიტური სენსორების საფუძველზე, რომლებიც ხელს უწყობს მოძრაობისა და ვიბრაციის კომპენსირებას ფოტოს და ვიდეოს გადაღებისას. აღმოჩნდა, რომ ეს გიროსკოპები და სენსორები არ არის გათვლილი მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებთან ურთიერთქმედებაზე და სწორედ ამის შესახებ გასცა გაფრთხილება Apple-მა მხარდაჭერის გვერდზე. 

„iPhone-ში გამოყენებული გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციისა და უკუკავშირის ავტოფოკუსირების სისტემები გათვლილია ხანგრძლივ გამოყენებაზე. თუმცა, OIS-ის მქონე ბევრი სამომხმარებლო ტექნიკის მსგავსად, გარკვეული სიხშირის დიაპაზონში მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გააუარესოს ამ სისტემების წარმადობა და შეამციროს სურათების ხარისხი ფოტოებსა და ვიდეოებში. არ არის რეკომენდებული iPhone-ის გამოყენება მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებზე დიდი ხნის განმავლობაში “, - ნათქვამია Apple-ის განცხადებაში. 

კამერებთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების წარმოჩენის რისკის გამო მომხმარებლებისთვის არ არის რეკომენდებული iPhone-ის გამოყენება მოტოციკლზე ჯდომისას, რადგანაც ძრავის მუშაობის დროს ინტენსიური ვიბრაციები ჩნდება. უფრო მეტიც, Apple ნაკლებად მძლავრი სატრანსპორტო საშუალებების, მაგალითად მოპედისა და ელექტრო სკუტერების მფლობელებსაც ურჩევს გამოიყენონ ამორტიზებადი სამაგრი iPhone-ისთვის, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ვიბრაციის გამო კამერის დაზიანების ალბათობა. 

უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც განათავსა Apple-მა ხსენებული გაფრთხილება, თუმცა ბოლო წლებში თემატურ ფორუმებზე ჩნდებოდა შეტყობინებები მსგავსი შემთხვევების შესახებ, მათ შორის იყო iPhone-ის გამოყენება სამთო ველოდისიპედების საჭესთან. არსებული ცნობების თანახმად გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცა და/ან უკუკავშირით ავტოფიკუსირების სისტემა გამოიყენება Apple-ის ყველა სმარტფონში iPhone 7-დან დაწყებული, ასევე iPhone 6 Plus-სა და iPhone 6s Plus-ში. 

 

წყარო: Overclockers GE